სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება სპორტული ობიექტებზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე, რომ მათ დაუსუბსიდირდეთ როგორც ბანკის, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხისა და ლიზინგის პროცენტი.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, “სპორტული ობიექტების შემთხვევაში, პროგრამა მოიცავს ფიტნეს-ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზებს ანუ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ კომპანიების, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტული აქტივობებით, ფლობენ მსგავს ობიექტებს და აქვთ სესხი, ან ლიზინგის პროცენტს იხდიან. მათ ჩვენ 80 პროცენტით დავუფინანსებთ სესხის პროცენტს”.
მინისტრის თქმით, სუბსიდირება ასევე შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს, მათ შორის ინკლუზიური განათლების ანუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს – მათაც 80 პროცენტით, 6 თვის განმავლობაში, დაუსუბსიდირდებათ სესხის პროცენტი.
„ამ კატეგორიის ობიექტები, ამ ეტაპზე, ვერ განაახლებენ საქმიანობას, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ამის გადახედვა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას, რადგან მცირეწლოვან ბავშვებზე გვაქვს საუბარი. ამიტომ ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნას და სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას ვავრცელებთ საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.