გია ვოლსკი: საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვებშია იმის გამო, თუ რატომ არ შეიძლება, უნდოდეს საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა ოპოზიციურ “კლასტერს”
დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებული დარღვევები და გადაცდომები უნდა შეისწავლოს ჩართვას არ აპირებს “მოქალაქეები”, თუ პროცესში მონაწილეობაზე უარს იტყვიან სხვა ოპოზიციური პარტიები.
აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილიც კი, საკმაოდ ეჭვებშია იმის გამო, თუ რატომ არ შეიძლება, უნდოდეს კომისიაში მონაწილეობა ოპოზიციურ “კლასტერს”.
“საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს მათ გამოკითხვასაც, თუ საჭიროა, ვინც იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, იმათი მონაცემების შემოწმებასაც. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით მის ადგილას არ ვიჩქარებდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის, ვინაიდან ყველა მასალა და რესურსი გააჩნია კომისიას, რომ მიიღოს ინფორმაცია, გააანალიზოს და გამოიტანოს სამართლიანი ვერდიქტი.
მე მგონია, რომ საერთოდ კომისიის შექმნის ძალიან ეშინიათ. მე არ ვიცი, ვისი სიტყვები მოვიშველიო, “გირჩელებმა” თქვეს ეს, პირველმა თუ მეორემ, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილიც კი, საკმაოდ ეჭვებშია იმის გამო თუ რატომ არ შეიძლება უნდოდეს კომისიაში მონაწილეობა ოპოზიციურ კლასტერს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.