არჩილ თალაკვაძე: რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა ისევ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება
“რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო ახალი გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით. მსურს, მხარი დავუჭირო პრემიერმინისტრის მოწოდებას, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან. ეს არის მთავარი პირობა, რომ ჩვენ არ მივიღოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე და მოვემზადოთ თანმიმდევრულად იმ გეგმისთვის, რომელიც გვქონდა ეკონომიკის სრულ გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.