უკრაინაში ზელენსკის იმპიჩმენტის დაწყება დაანონსდა

უკრაინის პარტია “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის” პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიცირებას გეგმავს.

ამის შესახებ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თანათავმჯდომარემ, ვადიმ რაბინოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული უკავშირდება პარტიის დეპუტატის ტარას კოზაკის აქტივებისთვის სანქციების დაწესებას, რომელთა შორის მოხვდა სამი ტელეკომპანია “112.Украина”, NewsOne და ZIK.

“დღეს დარტყმა პირდაპირ დემოკრატიის გულს მიაყენეთ, სიტყვის თავისუფლებას, დამოუკიდებელი უკრაინის არსებობა საფრთხის ქვეშ არის. უახლოეს დროში პარტიის საგანგებო სხდომას გავმართავთ, რომელიც ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს განსაზღვრავს. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ვერ გააჩუმებთ ვერც ჩვენს პარტიას, ვერც ჩვენს მილიონობით ამომრჩეველს. პრეზიდენტ ზელენსკის იმპიჩმენტის ინიცირებას მოვახდენთ, რომელიც ქვეყანასა და ამომრჩევლებს დასცინის”, – თქვა რაბინოვიჩმა უმაღლეს რადაში გამოსვლის დროს.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკმა განაცხადა, რომ სანქციები უკანონოა და რომ ზელენსკის ამის გამო პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

თავად ზელენსკიმ  ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მცირე განმარტება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “სანქციები  ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. უკრაინა სიტყვის თავისუფლებას მხარს მტკიცედ უჭერს, მაგრამ არა – პროპაგანდას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესორი-ქვეყნის მიერ არის დაფინანსებული, რომელიც აფერხებს უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის ბრძოლა მათ შორის სიმართლისა და ევროპული ფასეულობებისთვის საინფორმაციო სივრცეში”.

გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა ტელეკომპანია “112”-ში ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლობის საკითხზე ეროვნული საბჭოს არაგეგმური შესვლა, რასაც გაფრთხილება და ჯარიმის დაწესება მოჰყვა. შემოწმებამ აჩვენა, რომ ტელეარხის ეთერში “აგრესიული ომის გაჩაღების მოწოდებები” ისმის, მისი პროპაგანდა, ასევე, “ეროვნული, რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივება”. საბჭოში აღნიშნეს, რომ ტელეარხის ზოგიერთი მოსაზრება შეიძლება, შეედაროს აგრესორი-ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის თეზისებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები