ზელენსკიმ პუტინთან დაახლოებული პირის სამ ტელეკომპანიას სანქციები დაადო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სამ ტელეკომპანიას ” “112”-ს, ZIK-სა და NewsOne-ს სანქციები 5 წლით დაადო.

სანქციები დაედო სახალხო დეპუტატის, ტარას კოზაკის აქტივებს, რომელთა შორის არის მედიაჰოლდინგში შემავალი სამი ტელეკომპანიაც.

გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.

მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის აღკვეთას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, საქმიანობის ლიცენზიების გაუქმებას ან შეჩერებას, რადიოსიხშირის გამოყენების აკრძალვას, რეტრანსლირებისა და ტელესაკომუნიკაციო მომსახურების გაწევის აკრძალვასა და სხვა.

გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა ტელეკომპანია “112”-ში ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლობის საკითხზე ეროვნული საბჭოს არაგეგმური შესვლა, რასაც გაფრთხილება და ჯარიმის დაწესება მოჰყვა. შემოწმებამ აჩვენა, რომ ტელეარხის ეთერში “აგრესიული ომის გაჩაღების მოწოდებები” ისმის, მისი პროპაგანდა, ასევე, “ეროვნული, რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივება”. საბჭოში აღნიშნეს, რომ ტელეარხის ზოგიერთი მოსაზრება შეიძლება, შეედაროს აგრესორი-ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის თეზისებს.

რაც შეეხება დეპუტატ კოზაკს, ის, უკრაინული მედიის შეფასებით, დიმიტრი მედვედჩუკის მარჯვენა ხელია, რომელიც, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.

ასევე, სანქციები შეეხო მედვედჩუკისა და კოზაკის თვითმფრინავებს, რომლებსაც ისინი რეგულარულად რუსეთში გადაფრენისთვის იყენებდნენ.

თუმცა, მედვედჩუკი საბჭოს დასკვნას არ ეთანხმება და თვლის, რომ ზელენსკიმ აღნიშნული შურისძიების მიზნით გააკეთა, რადგან მისი რეიტინგი ბოლო დროს მნიშვნელოვნად დაეცა, რასაც კოზაკის ტელეარხები აქტიურად აშუქებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები