ევროკავშირში თავისუფლად შესვლა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებს შეუძლიათ, სადაც კორონავირუსის გავრცელების ძალიან დაბალი მაჩვენებელია

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისი კორონავირუსის მუტაციის შესაძლო ახალ შემთხვევებს იკვლევს. არსებობს ეჭვი, რომ ბრისტოლში 11 შემთხვევა, ხოლო ლივერპულში 32 შემთხვევა ახალ შტამს უკავშირდება.

გამორიცხვის მიზნით, ინგლისის რეგიონებში აფრიკულ შტამზე ტესტირება მიმდინარეობს. ახალი შტამების გავრცელების ალბათობა ვირუსოლოგების შეშფოთებას იწვევს. მათი აზრით, აუცილებელია, მოსახლეობამ ზედმიწევნით დაიცვას ე.წ. ლოქდაუნის პირობებში მოქმედი შეზღუდვები და წესები, რაც ვირუსის გავრცელებისა და მუტაციის შემთხვევების ალბათობას საგრძნობლად შეამცირებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მოსაზრებით, არსებობს იმედი, რომ 2021 წლის ზაფხულში ტურიზმის სექტორი კვლავ ამუშავდება და მოქალაქეები სხვადასხვა კურორტზე დასვენებას შეძლებენ. მისი აზრით, კონკრეტულ ვადებზე საუბარი რთულია, ვინაიდან ახალი შტამების გავრცელების ალბათობა კვლავ არსებობს.

2 თებერვლის მონაცემების მიხედვით, გაერთანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  329 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ორფაზიანი ვაქცინის მეორე ფაზა, რიგ შემთხვევებში, მიმდინარეობს დაგვიანებით, იზრდება კოვიდის ახალი შტამებით ინფიცირების რისკი. უფრო კონკრეტულად, ამ ეტაპზე, დიდ ბრიტანეთში, ვაქცინაციის ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფებით განსაზღვრული პირები, რომლებიც დაცულნი იქნებიან კოვიდისგან მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიღებენ ვაქცინის ორივე დოზას. იმავე მეცნიერებთა ჯგუფის აზრით, ორფაზიანი ვაქცინის მიღებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რაც იცავს მას დაინფიცირებისგან. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობისას ვადების დარღვევა ზრდის მოსახლეობის ინფიცირების რისკს.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები დახურული  თებერვლის თვის განმავლობაშიც დარჩება. დამსვენებლებს სასტუმროებში დაბინავება შეუძლიათ, მაგრამ საბაგიროებთან ერთად არ ფუნქციონირებს რესტორნები. მთავრობის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის კურორტებზე, სეზონურად, დასაქმებულია დაახლოებით 400 ათასი ადამიანი, კორონავირუსის ახალი შტამების მაღალი გავრცელების პირობებში, კურორტების სრული დატვირთვითა და ჩვეული რეჟიმით მუშაობა  საფრთხეს შეიცავს.

1-ელ თებერვალს საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების ძირითადმა ინდიკატორებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწიეს. ბოლო კვირის დღიური ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 20 515 შემთხვევას შეადგენს, რაც 2020 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემია.

საფრანგეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

პანდემიის მართვის კუთხით, ესპანეთში, 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, იანვარი ყველაზე რთული თვე იყო. იანვარში რეგისტრირებული ინფიცირების 900 000 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ჯამური რაოდენობის თითქმის მესამედია. 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდთან შედარებით, ჰოსპიტალიზებულ ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი 40%-ითაა გაზრდილი, რაც რეკორდულად მაღალი მონაცემია. ქვეყნის 5 რეგიონში, ინფიცირებული პაციენტების მიერ ინტენსიური თერაპიის სივრცეების 50-60% უკვე ათვისებულია, თუმცა, ბოლო პერიოდში პოზიტიური დინამიკა იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეზღუდვების შემსუბუქება იქამდე არაა მოსალოდნელი, სანამ  ინფიცირების კუმულატიური მაჩვენებელი 200-მდე არ შემცირდება. ესპანეთისა და პორტუგალიის მთავრობები, COVID-19-ის სწრაფი გავრცელების შეკავების მიზნით, 10 თებერვლამდე, სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

1 -ელი თებერვლიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები ამოქმედდა. ევროკავშირში თავისუფლად შესვლა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებს შეუძლიათ, სადაც კორონავირუსის გავრცელების ძალიან დაბალი მაჩვენებელია – 100 000-ს მოსახლეზე ინფიცირების 25 შემთხვევა და სადაც ვირუსის ახალი შტამები თითქმის არ ფიქსირდება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ვაქცინის მომწოდებელი კომპანიების მიერ ვაქცინის დოზების შეზღუდვების შესახებ, დაძაბულობამ იმატა ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს შორის. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისია შეზღუდავდა ბელგიიდან ვაქცინის დოზების მიწოდებას, თუ მომწოდებელი კომპანიები თავის პირობებს არ შეასრულებდნენ. 2 თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა ლონდონში განაცხადა, „ჩვენ გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ კონტრაქტის პირობებს ყველა მხარე შეასრულებს და ვაქცინის მომწოდებელი კომპანიები ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ევროკავშირმა გამოყო მილიარდობით ევრო, რათა მოგვეხდინა ჩვენი მოქალაქეების უზრუნველყოფა საჭირო დოზებით. ჩვენ არ ვაწესებთ შეზღუდვებს ვაქცინის ექსპორტზე. ჩვენ ვქმნით მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ღიაობას“, – განაცხადა ელჩმა.

გასულ კვირას შვედეთში ჩატარებული ტესტებიდან COVID-19-ის ე.წ. ბრიტანული შტამი 11%-ში გამოვლინდა.

პოლონეთში თვითნებურად გახსნილ რესტორნებსა და სასტუმროებს ჯარიმა დაეკისრებათ

1 – ელ თებერვალს, პოლონეთში სავაჭრო ცენტრებმა და მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს, ხოლო რესტორნები და სასტუმროები დახურული დარჩა. აღნიშნულ შეზღუდვებისგან უკმაყოფილო რამდენიმე  რესტორანმა, სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ნაწილმა და ზამთრის კურორტებზე საბაგიროებმა განაცხადეს, რომ მუშაობის დაწყებას თვითნებურად გეგმავენ.

თუმცა, ქვეყანაში მოქმედებს რეგულაცია და შეზღუდვების პერიოდში აკრძალული ეკონომიკური აქტივობისთვის მეწარმეებს 6 6 00 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორვატიაში მოქმედი შეზღუდვები მ/წ 15 თებერვლამდე დარჩება ძალაში.

1 -ელ თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში იმუნიზირებულ პირთა რაოდენობამ – 26 მილიონზე მეტი – ინფიცირებულთა ჯამურ რაოდენობას 25,8 მილიონი – გადააჭარბა

2 თებერვალს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ს გამოყენება შესაძლოდ მიაჩნია, თუ ეს ვაქცინა ევროკავშირის   დაშვებული იქნება.

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,705 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 975 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

2 თებერვალს უნგრეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ის პირველი 40 000 დოზა მიიღო, რაც 20 000 ადამიანის იმუნიზაციისთვის არის საკმარისი.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ინფორმაციით, სომხეთმა ავტორიზაცია მისცა რუსულ ვაქცინას Sputnik V. ასევე, 31 იანვარს ტუნისის მთავრობამ მიიღო იგივე გადაწყვეტილება და გასცა ვაქცინის ე.წ. გადაუდებელი გამოყენების უფლება. ინფორმაციისთვის რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ნობით, რუსული ვაქცინა დამტკიცებულია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ბელარუსი, არგენტინა, ბოლოვია, სერბეთი, ალჟირი, პალესტინა, ვენესუელა, პარაგვაი, თურქმენეთი, უნგრეთი, ირანი, გვინეა, ტუნისი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები