გაერთიანებული სამეფო კორონავირუსის მუტაციის შესაძლო ახალ შემთხვევებს იკვლევს

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისი კორონავირუსის მუტაციის შესაძლო ახალ შემთხვევებს იკვლევს. არსებობს ეჭვი, რომ ქ. ბრისტოლში 11 შემთხვევა, ხოლო ქ. ლივერპულში 32 შემთხვევა ახალ შტამს უკავშირდება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ცნობით, გამორიცხვის მიზნით, ინგლისის რეგიონებში აფრიკულ შტამზე ტესტირება მიმდინარეობს.

„ახალი შტამების გავრცელების ალბათობა ვირუსოლოგების შეშფოთებას იწვევს. მათი აზრით, აუცილებელია, მოსახლეობამ ზედმიწევნით დაიცვას „ლოქდაუნის“ პირობებში მოქმედი შეზღუდვები და წესები, რაც ვირუსის გავრცელებისა და მუტაციის შემთხვევების ალბათობას საგრძნობლად შეამცირებს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მოსაზრებით, არსებობს იმედი, რომ 2021 წლის ზაფხულში ტურიზმის სექტორი კვლავ ამუშავდება და მოქალაქეები სხვადასხვა კურორტზე დასვენებას შეძლებენ. მისი აზრით, კონკრეტულ ვადებზე საუბარი რთულია, ვინაიდან ახალი შტამების გავრცელების ალბათობა კვლავ არსებობს.
2 თებერვლის მონაცემების მიხედვით, გაერთანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 329 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ორფაზიანი ვაქცინის მეორე ფაზა, რიგ შემთხვევებში, მიმდინარეობს დაგვიანებით, იზრდება კოვიდის ახალი შტამებით ინფიცირების რისკი. უფრო კონკრეტულად, ამ ეტაპზე, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფებით განსაზღვრული პირები, რომლებიც დაცულნი იქნებიან კოვიდისგან მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიღებენ ვაქცინის ორივე დოზას. იმავე მეცნიერებთა ჯგუფის აზრით, ორფაზიანი ვაქცინის მიღებიდან, დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რაც იცავს მას დაინფიცირებისგან. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობისას ვადების დარღვევა ზრდის მოსახლეობის ინფიცირების რისკს”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები