„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთი წლის პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა ფიზიკური დასწრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი დელეგაცია სრულად იყო წარმოდგენელი, რომლის განახლებულმა შემადგენლობამ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ის სტრატი, რომელიც ახალმა დელეგაციამ აჩვენა, ძალიან წარმატებული იყო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის, ქართველი პარლამენტარების, მათი უკრაინელი და სხვა კოლეგების მიერ რუსეთის დელეგაციაზე უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით დაყენებული უნდობლობის საკითხი.
„ძალიან საინტერესო დებატები და მხარდაჭერა იყო, მათ შორის, განცხადებებში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ევროპული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდანაც. ერთ – ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით და ხაზს ვუსვამდით, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ის ვალდებულებები, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი და რა თქმა უნდა, ვახსენეთ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ძალიან სასიამოვნო გადაწყვეტილება, რომლის შესრულებასაც, ჯერჯერობით, პირი არ უჩანს”, – აღნიშნა კახა კუჭავამ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ვიზიტის პირველივე დღიდან დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ წარდგენილი ანგარიშის განხილვაში, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმული იყო მთავარი შეფასება, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება დაცული იქნა. „გარდა ამისა, გარკევულ საკითხებზე იყო მითითება და ჩვენ, როგორც ეს განვაცხადეთ კიდეც, ავიღეთ ვალდებულება შევასრულოთ ის საკითხები, რომელსაც თვლიან, რომ აუცილებელია გამოსწორდეს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე პრაქტიკაში გატარების კუთხით. ამ ანგარიშში მითითებული იყო მათი გაკვირვება და წუხილი, რომ ოპოზიცია არ იყენებს ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატებს და აგრძელებს ქუჩაში ბოიკოტს. ჩვენი კოლეგები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწოდებდნენ ოპოზიციას, შეწყვიტონ ბოიკოტი, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში და გააგრძელონ საპარლამენტო ცხოვრება”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.