ბადრი ჯაფარიძე: მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რადგან მხარი არ დაუჭირეს მანდატების შეწყვეტას, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
“ერთადერთი პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ოპოზიციური პარტიები და, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა.
ჯაფარიძის თქმით, “ლელოს” პოზიცია არ შეუცვლია.
„ჩვენ ვრჩებით იმავე პოზიციაზე და მიგვაჩნია, რომ ერთადერთი პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ოპოზიციური პარტიები და, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს გამოიყვანს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან და, რაც მთავარია, მოგვცემს საშუალებას, რომ პარლამენტის კედლებში დავიწყოთ მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, იმ გამოწვევების გადასალახად, რომელიც ასე მრავლად აქვს ჩვენს ქვეყანას. სხვა ნებისმიერი მცდელობა, რომ ოპოზიცია იქნეს შეყვანილი პარლამენტში, არ მოიტანს არანაირ შედეგს და, რაც მთავარია, არ განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ რადგან მათ დღეს არ უყარეს კენჭი მანდატების შეწყვეტას, გამოყენებული იქნას ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ მათ გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის და ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ,,ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ შეუწყვიტა.