ალეკო ელისაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია.
„ვულოცავ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!“, – წერს ალეკო ელისაშვილი.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.