პაატა იმნაძე: საქართველოში 72 პროცენტზეა ასული უნივერსალური პირბადის სწორი მოხმარება

“საქართველოში 72 პროცენტზეა ასული უნივერსალური პირბადის სწორი მოხმარება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა და მასზე კონტროლის შენარჩუნებისთვის სხვა გზა, გარდა შეზღუდვებისა, ასევე, აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა არ არსებობს.

„უცხოურ ოფიციალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, როგორ გამკაცრდა ზომები. ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. დღეს, იმისთვის, რომ ვითარება ვაკონტროლოთ, სამწუხაროდ, სხვა გზა, გარდა შეზღუდვებისა, რომლებიც არის დაწესებული, არ არსებობს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ პირბადისა და დისტანციის დაცვასთან ერთად.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოში 72 პროცენტზე არის ასული უნივერსალური პირბადის სწორი მოხმარება. რა თქმა უნდა, ვირუსის ახალი შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ კატასტროფული მატება არ იქნება. რატომღაც, ძალიან ბევრს უკვე დაავიწყდა, ორი თვის წინ რა ხდებოდა საქართველოში. ვიმეორებ, მთავარი და ძირითადი შეზღუდვების მოხსნის პერიოდში იქნება პირბადეების ტარების კიდევ უფრო მომატება. თუ ამას არ მივეჩვიეთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები