რა რეგულაციების დაცვა მოუწევს ბათუმის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნის შემდეგ

რა რეგულაციების დაცვა მოუწევს აჭარის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნის შემდეგ, – რეგულაციებზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში ინფიცირების დინამიკა იკლებს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან ბათუმში მოქმედი შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.

,,ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას. მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარება. ასევე მოვუწოდებ მოსახლეობას, ტრანსპორტში მგზავრობისას დაიცვან ყველა დაწესებული რეგულაცია.

შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.

მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება.

აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.

აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა.

მუნიციპალური ავტობუსები იმუშავებს 21:00 საათამდე, ხოლო მიკროავტობუსები – 20:00 საათამდე.

ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი.

ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად მოწყობილია ბარიერები.

მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება.

დაწესებული რეგულაციების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

რაც შეეხება მუნიციპალურ სასადილოებსა და საბავშვო ბაღებს, სურსათის გაცემა გაგრძელდება ყველა საპრევენციო რეგულაციის მკაცრი დაცვით,” – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები