შსს-ს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის მხარდაჭერით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა.
შსს-ს ცნობით, 2,74 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზღვარზე ლოგისტიკურ პროცესებს – ხელს შეუწყობს მესაზღვრეების როტაციისა და სასაზღვრო სექტორების პროდუქტითა და საჭირო ინვენტარით მომარაგების პროცესს.
უწყების ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერას მისი შესაძლებლობების გაძლიერების, კერძოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის მიზნით.