ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ჩიხშია შესული და დაბნეულია თავისივე მოწოდებებში
“საარჩევნო პროცესის დახვეწისთვის რაც საჭიროა, ამ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ და თუ ამ ნაბიჯების გადადგმაში შემოგვიერთდებიან, მოხარული ვიქნებით”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე აპელირება საფუძველს მოკლებულია.
„რიგგარეშე არჩევნები არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ არ გადავდივართ. მით უმეტეს, მას შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და ძირითადი ფუნდამენტური უფლებებით ჩატარების შესახებ აღიარა. აქედან გამომდინარე, აპელირება, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ღიაა. მოლაპარაკებების შედეგად, ფაქტობრივად, ბევრ საკითხზე პოზიციების დაახლოება მიღწეულია. ჩვენ ღია ვართ, დასამალი და დასაფარი არაფერი გაგვაჩნია. ოპოზიცია შესულია ჩიხში და, გარკვეულწილად, დაბნეულია თავისივე მოთხოვნებსა და მოწოდებებში. საარჩევნო პროცესის დახვეწისთვის რაც საჭიროა, ამ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ და თუ ამ ნაბიჯების გადადგმაში შემოგვიერთდებიან, მოხარული ვიქნებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას” მიმართეს, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა“.