ევროკავშირმა შესაძლოა, ვაქცინის ექსპორტზე კონტროლი დააწესოს – არსებობს ეჭვი, რომ პრეპარატი მესამე ქვეყნებში მაღალ ფასად გაიყიდება
ევროკავშირში გამოდიან ინიციატივით, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი გაკონტროლდეს, რადგან კომპანიაში განაცხადეს, რომ პირველ კვარტალში დაგეგმილზე ნაკლებ დოზას აწარმოებენ.
ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წინადადება ითვალისწინებს იმას, რომ მესამე ქვეყნებში ვაქცინის გატანამდე კომპანიებმა ნებართვა აიღონ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ევროკავშირში შეძენილი პრეპარატი ამ ქვეყნებში ბევრად მაღალი ფასით გაიყიდოს.
Politico წერს, რომ ასეთი მოწოდებები მას შემდეგ გაისმა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და AstraZeneca-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებულმა დისკუსიებმა დღეს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან გვაკლია სიცხადე და არასათანადო განმარტებები. ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოზიციაში ერთიანი არიან, რომ ვაქცინის შემქმნელებს გააჩნიათ სოციალური და იურიდიული ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულონ”.
გუშინ კი ის აცხადებდა, რომ ვაქცინის ექსპორტის კონტროლის გეგმა მუშავდება, თუმცა, განმარტა, რომ ეს მესამე ქვეყნებისთვის ჰუმანიტარულ მიწოდებას არ შეეხება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, სტეფან დე კეერსმაკერმა განაცხადა, ამჟამად მექანიზმის შემუშავება მიმდინარეობს და კვირის ბოლომდე კონკრეტული ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ევროპის წამლების რეგულატორისგან მის მიერ წარმოებული პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვა ჯერ არ მიუღია. მოსალოდნელია, რომ ეს 29 იანვარს მოხდება.
გასულ კვირას კი ევროკავშირის რიგმა ქვეყანამ BioNTech/Pfizer-ის მიერ წარმოების შეფერხებასთან დაკავშირებით დაგეგმილზე ნაკლები დოზა მიიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკომისიის გეგმა, რომ ზაფხულისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი, შესაძლოა, არ შესრულდეს.