„ამ ქვეყანაში იარაღის ლეგალიზება დაუშვებელია, იაგო ხვიჩიას რაც შეეხება, სასაცილოა, რასაც ვუყურებთ“ – გოგა ხაინდრავა

“ამ ქვეყანაში იარაღის ლეგალიზება დაუშვებელია”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამ ქვეყანაში იარაღის ლეგალიზება დაუშვებელია. საერთოდ, კავკასიელებსა და ქართველებს იარაღთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და, ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დაშვებული მისი გამოყენება.
იაგო ხვიჩიას რაც შეეხება, სასაცილოა, რასაც ვუყურებთ. არანაირი კავშირი ამ ადამიანებს პოლიტიკასთან არ აქვთ.
ეს არის სექტა, ყველა ეპისკოპოსია და რეზინის ეკლესია აქვთ, ჯარიდან ხალხს ათავისუფლებენ და ა.შ. ზუსტად ამ პოლიტიკური ველის გადაგვარებასა და დეგრადირებაზე ის მეტყველებს, რომ იაგო ხვიჩია არის პოლიტიკური ფიგურა და მთელი საზოგადოება, როგორც წარმოუდგენიათ მედიასაროსკიპოებს, არის გატრუნული იმის იმედით, რომ იაგო ხვიჩია და ალეკო ელისაშვილი შევლენ პარლამენტში; არის ერთი ვნებათაღელვა – ჯანდაბაში გზა ჰქონიათ. არანაირი საჭიროება და სიკეთე პარლამენტში მათი ყოფნისგან არ იქნება, ამიტომ, იმ ჭაობში უნდა დარჩნენ, რომელიც შრება.
ამერიკაში არის ორპარტიული პარლამენტი და ამისგან ორასი წლის განმავლობაში არ დაზარალებულა ამერიკა. სამწუხაროდ, საქართველოში მეორე პარტია არ არის, „ქართული ოცნება“ არის მარტო პოლიტიკურ ველზე და ეს არის საფრთხე, პირველ ყოვლისა, „ქართული ოცნებისთვის“. ამას თუ გაიაზრებენ და პოლიტიკური სიბრძნე ეყოფათ, რომ ხელი შეუწყონ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, თავმოყრას, მათთან პაექრობით გააგრძელებენ სახელმწიფოს მართვას, ძალიან კარგი იქნება. თუ არადა, მათაც არ ექნებათ კარგი მომავალი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ცნობისთვის, გუშინ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მას დაურეკა და „ცუდი საუბარი“ ჰქონდათ.
„მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიამ ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება მოგვიანებითაც გააკეთა.
„არ მითქვამს, რომ მელია მემუქრებოდა, მე ვთქვი, მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა. უბრალოდ, ვცდილობ, ადამიანების პრეტენზიები გავარკვიო. მართლა საქმის გარჩევას ხომ არ დავიწყებ. ამიტომ, მზად ვარ, ნებისმიერი პრეტენზია მივისმინო.
დანარჩენი, თუ მუქარა არის, მაშინაც ვთქვი, რა მიმაჩნია ასეთ დროს სწორ გამოსავლად. იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც გემუქრება, რომელიც ფიზიკურად შენზე ძლიერია, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მაქვს იარაღის ტარების უფლება და შესაბამისად, თუ ასეთი საფრთხე არსებობს ქვეყანაში, გუშინ დავინახეთ, რომ ვიღაცას თავზე რაღაც დაამხეს, ასეთი დესტრუქციული ამბავი თუ არის, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, კიდევ იძაბება სიტუაცია, მგონია, რომ ზოგადად საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მოითხოვოს იარაღის ლეგალიზაცია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები