კახაბერ კუჭავა: ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულებები
“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულებები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახაბერ კუჭავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციამ მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ევროპის სასამართლოს დააკისრა.
„დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში დაგეგმილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხის განხილვა. ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, დიდი ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ამ სასამართლოში მოიპოვა, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მოვუწოდოთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთს დაეკისრა. დარწმუნებული ვარ, ეს ის პათოსი იქნება, რომელსაც ევროსაბჭოს წევრები ჩვენთან ერთად გაიზიარებენ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის ამ დებატებს და პლათფორმასაც, რომ ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები და უფლებათა დარღვევებს, რომლებსაც ყოველდღიურად აქვთ ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთხელ და საბოლოოდ დაესვას წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ და ყველა ჩვენ პარტნიორს ვამცნოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ხალხისთვის ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავასქ და მისთვის დაწესებულ ვალდებულებების აღსრულების საკითხზე ევროპელ კოლეგებთან იმსჯელებენ.