მამუკა მდინარაძე – ენდიაი-ს კვლევაზე: ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებია

“ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ენდიაი-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოკითხულთა 68 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.

„დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო ენდიაი-ს გამოკითხვის შედეგები, რადგან ვიცით წლების განმავლობაში სერიოზული ცდომილების მიზეზები, რაც სამწუხაროდ იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის შედეგი იყო, რომლებსაც ენდიაი ეყრდნობოდა და რომელთა ძალიან დიდი ნაწილი აფილირებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. როგორც ჩანს, ამ ფარგლებშიც ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა. თქვენ იცით, რომ ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებია და გამოკითხულთა 68 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ვინც აფიქსირებს პარტიების მიმართ მხარდაჭერას. კვლევა ამბობს, რომ მოსახლეობის 2/3 ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შემოვიდნენ და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ენდიაი-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ხუთი პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25 პროცენტი კი არცერთ პარტიას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები