აშშ-ში, ინდიანას შტატის ქალაქ ინდიანაპოლისში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას NBC News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ პოლიციამ პირველი დაღუპული ქალაქის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იპოვა.
მოგვიანებით, ახლოს დანარჩენი მოკლულების ცხედრები აღმოაჩინეს. საუბარია მათ შორის ფეხმძიმე ქალზე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა, ისევე როგორც ბავშვის, ვერ მოხერხდა.
ქალაქის მერმა, ჯო ხოგსეტმა განაცხადა, რომ დანაშაული მასობრივი მკვლელობის სახეს ატარებს. მისი თქმით, მკვლელობამ ქალაქში პანიკა გამოიწვია.
თავის მხრივ, პოლიციის უფროსმა, რენდალ ტეილორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლა დაღუპულებს შორის კავშირი დგინდება. მისი მტკიცებით, მკვლელობა შემთხვევით ხასიათს არ ატარებს.
ამ ეტაპზე, პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, არ გამოირიცხება, რომ შეიძლება, რამდენიმე ბოროტმოქმედი იყოს.
მოტივი უცნობია, გამოძიება გრძელდება.