ირაკლი ბერაია: ვისურვებდი, რომ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა ობიექტურად გააშუქონ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული შინაარსობრივი და მასშტაბური ნაბიჯები
“თავდაცვის უწყებაში დანერგილი მიდგომა “ყველაფერი საუკეთესო ჯარს”, მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა მიმართულებით საუკეთესო პირობების უზრუნველყოფას, მათ შორის უმაღლესი ხარისხის უნიფორმას, ფეხსაცმელს, სამედიცინო მომსახურებას და სარეაბილიტაციო პირობებს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
ბერაიას თქმით, ის ისურვებდა, რომ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული შინაარსობრივი და მასშტაბური ნაბიჯები ობიექტურად გააშუქონ.
“თავდაცვის უწყებაში დანერგილი მიდგომა “ყველაფერი საუკეთესო ჯარს”, მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა მიმართულებით საუკეთესო პირობების უზრუნველყოფას, მათ შორის უმაღლესი ხარისხის უნიფორმას, ფეხსაცმელს, სამედიცინო მომსახურებას და სარეაბილიტაციო პირობებს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა პირველ ყოვლისა გულისხმობს ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება და პირად კონტროლზე აქვს აყვანილი თავდაცვის მინისტრს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში, ინსტიტუციურ დონეზე დანერგილია შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფი აღმოჩენის ეფექტიანი მექანიზმი, რაც გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების განმეორების პრევენციას. სწორედ ეს მექანიზმები უზრუნველყოფენ სურსათის მაღალ ხარისხს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად და ხარისხის მონიტორინგს. თავდაცვის სამინისტროს მიერ, საკვები პროდუქტების მიმწოდებელ ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაც, მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის კონტროლის ამ ინსტრუმენტების ეფექტიანობას ადასტურებს. რაც შეეხება უწყების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს, ისინი კანონის სრული დაცვით, ქვეყნის და ჯარის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.
მე ვისურვებდი, რომ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა ობიექტურად გააშუქონ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული შინაარსობრივი და მასშტაბური ნაბიჯები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა, ნატო-სთან თავსებადობა და ჩვენს ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაზრდილ ნდობაში, აღიარებასა და მხარდაჭერაში ვლინდება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ყურადღებით აკვირდება და მაღალ შეფასებას აძლევს უწყებაში მიმდინარე ამბიციურ რეფორმებს, რასაც მინისტრი ღარიბაშვილი და მისი გუნდი ახორციელებს”,- წერს ირაკლი ბერაია.