ფინანსთა სამინისტრო: STOPCOV – ფონდის თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მოძრაობა „ხალხისთვის“ წარმომადგენლის განცხადება სამინისტროში არ შემოსულა

ფინანსთა სამინისტრო ანა დოლიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა  განაცხადა, რომ მოთხოვნის მიუხედავად ფინანსთა სამინისტრო არ ასაჯაროებს STOPCOV – ფონდის თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას.

„კვირა” დაინტერესდა აღნიშნული თემით და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებას მიმართა.

ჩვენს შეკითხვაზე, რატომ არ გაიცა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული საჯარო ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, რომ არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით მოძრაობა “ხალხისთვის” ან მისი წარმომადგენლის განცხადება STOPCOV – ფონდის თანხების ხარჯვის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სამინისტროში (მათ შორის, არც სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე – info@mof.ge) არ შემოსულა.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ STOPCOV – ფონდის თანხების ხარჯვის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სამინისტროში არაერთი განცხადება შემოვიდა იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან და ყველა მათგანზე, კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დამუშავებული/ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული საჯარო ინფორმაცია.

„აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში STOPCOV – ფონდის თანხების ხარჯვის თაობაზე ფინანსთა სამინისტრომ მოძრაობა „ხალხისთვის“ წარმომადგენილის გამოგზავნილ წერილზე ერთხელ უკვე გასცა საჯარო ინფორმაცია.

მოძრაობა „ხალხისთვის“ წარმომადგენელმა დადგენილი წესით უკვე მომართა სამინისტროს ხსენებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს წერილზე სათანადო რეაგირებას,”- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები