არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში თუ მის გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება, დესტაბილიზაციის შესაძლებლობები გამოიყენოს

დემოკრატია არის მონაწილეობა და ის, ვინც უარს აცხადებს მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მონაწილეობაზე უარს აცხადებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ისინი ოპოზიციის მეორე ნაწილზე პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში იქნება თუ პარლამენტს გარეთ, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, რომ დესტაბილიზაციის შესაძლებლობები გამოიყენონ.

„სავარაუდოთ, ეს არის მათი კონტროლირებადი მედია, რითაც პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებენ და ფინანსური რესურსი, რომელიც შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს ამ შემთხვევაში, როგორც უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით. მინდა გითხრათ, რომ ის არგუმენტი, თითქოს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში შემოვა და ქვეყანაში ყველაფერი მშვიდად, კარგად იქნება, და ამით გვეუბნებიან, თუ არ შემოგვიყვანთ, ულტიმატუმზე არ დაგვთანხმდებით, მაშინ ქვეყანას ავრევთ, ქვეყანას ავრევთ, თუ ახალ არჩევნებს არ ჩაატარებთ, პირადად ჩემთვის, ღიმილის მომგვრელია. რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში იქნება თუ პარლამენტს გარეთ, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, რომ დესტაბილიზაციის შესაძლებლობები ყოველთვის გამოიყენონ. ეს არ არის ძალები, რომელთაც სურთ თანამშრომლობა, პოლიტიკური მშვიდობა, უფრო ცივილიზებული პოლიტიკა პარლამენტში. ამ ძალებს,პარლამენტში თუ გარეთ, ყოველთვის ცალი თვალი არეულობაზე აქვთ მიმართული. ვნახეთ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა, რომელსაც ისინი აორგანიზებდნენ. ასევე ვნახეთ ამაზე სახელმწიფოს რეაქცია. არაერთი მაგალითი გვაქვს სხვა სახელმწიფოებში, სადაც სახელმწიფო მოიქცა ზუსტად ისე და უპასუხა კანონიერად, უპასუხა იმავე რეაქციით, რაც საქართველოს სახელმწიფომ გააკეთა. შესაბამისად, თუ მათ ჰგონიათ, რომ გარეთ დარჩებიან ან შიგნით შემოსვლაზე ულტიმატუმებს წაგვიყენებენ და ამით საზოგადოებას შეუქმნიან განცდას, თითქოს ეს რამე მშვიდობის გარანტიაა, პარლამენტში შემოვლენ თუ – არა, ეს აბსოლუტურად ცარიელი არგუმენტია. თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში, დაკარგავენ საპარლამენტო ტრიბუნას, დაკარგავენ ოპოზიციის ნიშას და ამაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. მათ ამომრჩეველმა ხმა მისცა იმიტომ, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები