ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანლის რეგიონული “ტურნე” – ზარიფი საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა რეგიონის ქვეყნების სტუმრობა გადაწყვიტა, რომელიც დაიწყება 24-25 იანვარს აზერბაიჯანში ვიზიტით, გაგრძელდება საქართველოში ჩამოსვლით, 27 იანვარს დიპლომატი სომხეთში ჩავა, ხოლო ბოლოს მოსკოვს ეწვევა.

21 იანვარს სააგენტო Fars-მა ზარიფის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც დიპლომატი ამბობს, რომ ვიზიტები გეგმის მიხედვით განხორციელდება, თუ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი იქნება უარყოფითი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმავს იმ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევა.

მინისტრის ვიზიტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ ზარიფი შეხვედრებს ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან გამართავს. როგორც უწყების პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ შეხვედრების ცენტრალური საკითხი მთიანი ყარაბაღი გახდეს.

ირანის საგარეო უწყების კავკასიური ტურნე მნიშვნელოვანია იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ვითარდება, რადგან თეირანს კონფლიქტის დარეგულირების საკუთარი ხედვა გააჩნია.

კერძოდ, 2020 წლის 29 ნოემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაგჩიმ განაცხადა, რომ “ირანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკუთარი ინიციატივით გამოდის, რომელშიც წამყვანი როლი რეგიონის ქვეყნებს უნდა დაეთმოს”.

ამის შესახებ მან მოსკოვში განაცხადა, სადაც ბაქოდან ჩავიდა, ამის შემდეგ კი  ერევანსა და ანკარაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, “ირანის გეგმის მთავარი აქცენტია რეგიონული მიდგომა, კიდევ ერთი განსაკუთრეობა მისი რეალიზმია. გამოვედით წინადადებით, რომ კრიზისის მოგვარება რეგიონული მიდგომით მოხდეს, რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ და რუსეთი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ირანის გეგმის პირველ ეტაპზე საჭიროა რეგიონის ქვეყნების მიერ რიგი პრინციპების დაცვა, როგორიც არის ოკუპაციის დასრულება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, საზღვრების შეუხებლობის პრინციპის დაცვა, უმცირესობების ჰუმანიტარული უფლებების პატივისცემა, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობასა და ობიექტებზე თავდასხმის არიდება. ეუთო-ს მინსკის ჯგუფმა 30 წლის განმავლობაში საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა, მან ვერ შეძლო კონფლიქტის მოგვარების გზების გამონახვა. ამ ჯგუფში ისეთი ქვეყნები შედიან, რომლებიც რეგიონში არ იმყოფებიან და ამ კრიზისთან არავითარი კავშირი არ აქვთ”.

დიპლომატის ხედვა რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაჟღერდა, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბერს შედგა.

ამის შემდეგ რუსეთმა შეძლო, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან კიდევ ერთხელ დაესვა და კიდევ ერთი შეთანხმების ხელმოწერა მოხერხდა.

2021 წლის 11 იანვარს კრემლში ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მოხდება თუ არა თეირანის ხედვის პრაქტიკულ ნაწილში გადატანა, მოგვიანებით გაირკვევა, ასევე, გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ირანი პროცესში, თურქეთის მსგავსად, აქტიურ ჩაბმას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ირანელმა დიპლომატმა თქვა, შესაძლოა, ის ვიზიტით თურქეთსაც ეწვიოს, რადგან მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები