ანა დოლიძე: სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი
“სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია. ნურცერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი”, – ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველამ ერთად უნდა იზეიმოს.
“მთავარი სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან:
1. რუსეთი გამტყუნდა მთელ რიგ დანაშაულებში ჩვენი ხალხის მიმართ;
2. სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია და მთელი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე რუსეთს დააკისრა (არავითარი ბოევიკები, მოხალისეები და ოსეთის ადმინისტრაცია);
3. ნურცერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი. მარტო მე და ჩემ გარდა კიდევ ბევრ ადამიანსა და ორგანიზაციას აქვს მოპოვებული და მიწოდებული მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით.
ასე რომ, ყველამ ერთად ვიზეიმოთ. გილოცავთ მთლიან საქართველოს!”, – წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.