მაია ბითაძე: საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას
“საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებები ემსახურება იმ საბოლოო მიზანს, რომ დიზელის წვის შედეგად გამოწვეული, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შემცირდეს.
,,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები “დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” (აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოს მსგავსი ქმედება განხორციელდა ბენზინთან მიმართებითაც).
როგორც ვიცით, საავტომობილო გაფრქვევების მოცულობა და ტოქსიკურობა დიდწილად არის დამოკიდებული მოხმარებული საწვავის ხარისხზე, ეს დადგენილება კი ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ექნება დადებითი ეკოლოგიური ეფექტი. რაც ასევე აღსანიშნავია, ამ ცვლილებას არ ექნება არანაირი ზეგავლენა საწვავის ფასზე”, – განაცხადა მაია ბითაძემ.