საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა

საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას.
„დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო 4 სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. დიზელის ხარისხის ევრო 5 ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის 1 -ელი იანვრისთვის არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის ბოლოს, ღონისძიებები განხორციელდა ბენზინთან მიმართებითაც და განისაზღვრა ევროდირექტივით დადგენილი ყველა პარამეტრი.
საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ავტომობილებში გაუმჯობესდება წვის პროცესი, რაც უზრუნველყოფს აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. საავტომობილო საწვავის რეგულარულ მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები