“ლელო საქართველოსთვის”: ოპოზიციის ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა უმნიშვნელოვანესია საბოლოო შედეგის მისაღწევად
პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიტაცებასთან ერთად, დღეს “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმოებაა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა საბოლოო შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია.
“ხელისუფლების მიტაცებასთან ერთად, დღეს “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი არის არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმოება, სადაც ხელისუფლება ტყუილისა და ხელის გადაგრეხვის კომბინაციით უპირისპირდება საკუთარ საზოგადოებას. ასეთ ვითარებაში, პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი ამოცანაა, ,,ქართული ოცნებისგან,, განსხვავებით, გამოვიჩინოთ თანმიმდევრულობა და სახელმწიფოებრივი მიდგომა.
ერთიანი ოპოზიციური ფლანგის მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის ცვლილებაა. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა ,,ლელოს,, მთავარი ამოცანაა. ,,ლელო,, ბოიკოტის პირველივე დღიდან დეკლარირებული პოზიციის ერთგულია და აქტიურად მუშაობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაზე.
ოპოზიციის ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა უმნიშვნელოვანესია საბოლოო შედეგის მისაღწევად. მოცემული პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვაფიქსირებთ ჩვენს ერთობლივ მყარ პოზიციას.
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიცია ერთიანი და თანმიმდევრულია თავის პოზიციაში, ასევე, ქართული საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ დეკლარირებული მიზნებისა, რომელიც გვაქვს გაცხადებული.
დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ქართული დემოკრატიის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური და პანდემიური კრიზისიდან გამოყვანაა. “ლელო” მყარად დგას ამ პოზიციაზე და არ აპირებს არჩეული სტრატეგიული ხაზიდან გადახვევას”, – ნათქვამია განცხადებაში.