სპეციალური პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ.
ასევე არ აქვს პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა და რომლის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა.
შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”,- ნათქვამია განცხადებაში.