ირაკლი ღარიბაშვილი – როდესაც კრიტიკას ვიმსახურებთ, უნდა მივიღოთ

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტისას, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტური კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.
„როდესაც კრიტიკას ვიმსახურებთ, უნდა მივიღოთ. ამაში უცნაური არაფერი არ არის. მე აბსოლუტურად ვიზიარებ და ვამბობ, რომ აბსოლუტურად ზუსტი ფორმულირება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როცა მან თქვა, რომ ეკონომიკური ვარდნა ჩვენ არ გვქონია, ეს, მართლაც, ასეა. ჩვენ არ გვქონია ეკონომიკური ვარდნა, იყო შეფერხება, რაც გამოწვეული გახლდათ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესით. ეს პროცესი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქართველოში მოგეხსენებათ, რომ გასული წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკას აჯანსაღებდა მხოლოდ ხელოვნური სტიმულატორების საშუალებებით. იცით, რომ ბიზნესებს ატერორებდნენ. ჩვენ დავიწყეთ ნორმალურად, კლასიკურად, ევროპულად. ეკონომიკის გაჯანსაღება და ზრდა უკვე სახეზეა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 8,1 და 8,4 %-ით ზრდა ნოემბერ-დეკემბერში. ამ წელს გვაქვს 5%-იანი ზრდა გათვლილი, მაგრამ მსოფლიო ბანკის პროგნოზით ჩვენ გვექნება 6,3%-იანი ზრდა საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში იყო ეკონომიკური ვარდნა. “კრიტიკაზე თუ გაინტერესებთ, ღარიბაშვილს გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ გამოიყენა არასწორად ტერმინი, თითქოს ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. არ ვეთანხმები, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ მოვედით და დავიწყეთ გაჯანსაღება იმ პროცესით, როგორითაც “ნაციონალური მოძრაობა” ბიუჯეტს ავსებდა და როგორც მართავდნენ ეკონომიკას, ის რესურსები მათაც ამოწურული ჰქონდათ. ბიზნესი პრაქტიკულად გამოწურული იყო. ხე რომ წვეროთი დავრგოთ მიწაში, დაახლოებით ეს ხდებოდა ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ გადმოვაბრუნეთ ეს ხე, ფესვები გავუჯანსაღეთ და დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს. ის ეკონომიკა კი ვერ გაიზრდებოდა და კოლაფსს მიიღებდნენ”,- განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები