„ბედნიერი ვარ, რომ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი შენობა ეღირსა“

ქართული თეატრის დღეს პოეტი, მთარგმნელი და მუსიკოსი ირინე გოჩაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ულოცავს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრს.
„ბავშვობიდან მოყოლებული ჩემთვის ახალი წელი დღემდე ქართული თეატრის დღესთან ასოცირდება. საახალწლო ზეიმს წელიწადში ერთხელ აღვნიშნავთ, თეატრი კი – მუდმივი ზეიმია. ყოველი სპექტაკლი, მასზე დასწრება ახალი წელიც არის, „რომაული არდადეგების“ სილაღეც და სულის დღესასწაულიც!
ბედნიერი ვარ, რომ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი შენობა ეღირსა. ის სხვა საკითხია, რამდენ ხანში ჩადგენა მწყობრში შენობა, რომელიც საკმაოდ მოსაწესრიგებელია, მაგრამ, მონდომების შემთხვევაში, პანდემიასთან ერთად, ეს პრობლემაც უნდა დასრულდეს!
ვულოცავ თეატრის ყველა მუშაკს (სამხატვრო ხელმძღვანელიდან დაწყებული, დამლაგებლამდე) ამ მართლაცდა გასაოცარ მოვლენას, რასაც თეატრი და თეატრის დღე ჰქვია!
განსაკუთრებით მინდა მივეფერო და მადლობა გადავუხადო პერიფერიის თეატრების მსახიობებს, რომლებსაც დედაქალაქის თეატრებთან შედარებით რთულ პირობებში უხდებათ მოღვაწეობა და მათგან არც ისე ცოტა ბრწყინვალე არტისტი (რომლებიც მხოლოდ იმიტომ, რომ კინოფილმებში არ არიან გადაღებულნი)  საქართველოსთვის თითქმის უცნობია.
ვულოცავ ჩემს საყვარელ ცხინვალის თეატრს და მინდა მადლობა გადავუხადო სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა კაპანაძესა და თეატრის უცვლელ დირექტორს, ბატონ ზაზა თედიაშვილს, დასის  გამგეს ლელა როსტომაშვილს, თავგანწირული შრომისთვის, ბევრი გასაჭირის დათმენისთვის, რაც შესაძლებელი გახდა მართლაც გმირი მსახიობების თანადგომით“! – წერს ირინე გოჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები