ვინ უდგას სათავეში ბუკნარში რელიგიურ დაპირისპირებას და რა ვიცით ფირუზ წულუკიძეზე, რომელსაც ჩატაევთან ჰქონდა კავშირი

გურიის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის მოლაპარაკებები დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ჩართულობით მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ერთმა ჯგუფმა უნდობლობა გამოუცხადა.

“თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული არ დავიშლებით, ჩვენი ძმები ჩამოვლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უფრო ფართომასშტაბიან აქციას ვაანონსებთ, 2000 ადამიანი უკვე გზაშია“,- განაცხადეს აქციაზე.

ჩოხატაურის მერიის წინ აქციაზე მყოფი ადგილობრივები არ უარყოფენ, რომ მიღწეული შეთანხმება გარეშე პირებმა ჩაშალეს, ზოგიერთი მათგანი პირად საუბრებში არც იმას უარყოფს, რომ დაპირისპირებას არაერთგზის ნასამართლევი და ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში შემჩნეული ფირუზ წულუკიძე ხელმძღვანელობს.

ის თავის თანამოაზრეებთან ერთად ბუკნარში აქციის მონაწილეებს 12 იანვარს აჭარიდან შეუერთდა.

ვინ არის ფირუზ წულუკიძე და რა კავშირი აქვს ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან?!
ფირუზ წულუკიძე რამდენიმე წლის წინ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ოფიციალურად გასამართლდა. მისი ძმა რეზო წულუკიძეც ბრალდებული იყო, რომელიც გასულ წელს დააკავეს. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერად აქციაც გაიმართა, რომელსაც რეზოს ძმა – ფირუზი ხელმძღვანელობდა. აქციები სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

მუსლიმურ თემში კარგადაა ცნობილი ფირუზის რადიკალური შეხედულებები და კავშირი ტეროტირზმში მხილებულ პირებთან, მათ შორის 2017 წელს ლიკვიდრებულ აჰმედ ჩატაევთანაც.

2015 წელს საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობას საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილმა ჩატაევმა აუდიომუქარა გამოუგზავნა და ციხიდან რამდენიმე პირის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა. ჩატაევი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილისა და აჭარელი მოჭიდავეების – თემურ ბახუნტარიძისა და ფირუზ წულუკიძის გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც სამართალდამცველებმა 2013 წლის 13 სექტემბერს ერთად დააკავეს.

მაშინ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ფირუზ წულუკიძე ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იუსუფ ლაკაევს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. ოფიციალური ინფორმაციით, მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას, ასევე, ბათუმში დროებით მცხოვრები თემურ ბახუნტარიძე უწევდა. დაკავების დროს ლაკაევმა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს წულუკიძე და ბახუნტარიძეც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იუსუფ ლაკაევი 2013 წლის 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ ბათუმში დაკავებული ლაკაევი სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველი პირების სიაში იყო. აღნიშნული ინფორმაცია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების ოპერატიული შტაბის მონაცემებში დასტურდება. ლაკაევი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბების მუხლით არის გასამართლებული. მას რუსი სამართალდამცველები ეძებენ. ცნობილია, რომ ის საქართველოში არალეგალურად შემოვიდა და თურქეთის გავლით, სირიაში აპირებდა გადასვლას.

როგორც ჩანს, 30 წლის ლაკაევთან ერთად, საეჭვო პირთა წრეში მოხვდნენ თემურ ბახუნტარიძეც და ფირუზ წულუკიძეც. თავის დროზე მათ ამ მიზეზით ქვეყნიდან გასვლის უფლებაც კი არ მისცეს.

„საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისა და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება“ – ამ შინაარსის აუდიომუქარა გამოგზავნა 2015 წელს აჰმედ ჩატაევმა, სადაც ის აიუფ ბორჩაშვილის და ბახუნტარიძე-წულუკიძის გათავისუფლებას მოითხოვდა.

ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, ბორჩაშვილის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის თქმით, ეს ჩანაწერი გახდა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ.

„ჩანაწერში ჩატაევი ამბობს, რომ, თუ არ მოხდებოდა მათი გათავისუფლება, საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შეექმნებოდათ. ამ ჩანაწერის კონტრტერორისტული ცენტრისთვის გადასაცემად ჩატაევმა მის მეგობარს, ალექსანდრე თალაკვაძეს ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა და უთხრა, კიდევ დაუკავშირდებოდა. ერთი კვირის თავზე მართლაც დაუკავშირდა თალაკვაძეს და პასუხი მოსთხოვა მის მიერ გაკეთებულ მიმართვასთან დაკავშირებით, რაზეც თალაკვაძემ ასევე ტელეფონით მისწერა, რომ ეს საკითხი ასე მალე არ წყდება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიეღო. გასაგებიაო, – უპასუხა ჩატაევმა და მას შემდეგ ამ პიროვნებასთან კავშირზე აღარ გამოსულა“, – ამბობს ზვიად ფხაკაძე.

ფირუზ წულუკიძე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურადაა ჩართული. 2020 წლის 28 ოქტომბერს, ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს “ქართული ოცნების” კანდიდატებს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ხელისუფლებასთან დაპირისპირებული წულუკიძე, თანამოაზრეებსა და ნათესავებთან ერთად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის არჩევანის უბნებს გარეთ “დაცვასაც” ცდილობდა, შედეგად მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ამასთან, წულუკიძე 31 ოქტომბრის შემდეგ, ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის თანამოაზრეებთან ერთად ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაშიც აქტიურად იყო ჩართული.

წყარო: “რეგიონული კვირა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები