„საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო” – პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, პარტიის წევრები ქართველებს და, ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ყოველგვარ დაპირისპირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
მათივე განმარტებით, პარტიის წევრები მზად არიან, მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომელიც შეეხება ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადგაზე დაწყებულ კონფლიქტს.
„მოუგვარებელი პრობლემა არა თუ ქართველებს შორის, არამედ საქართველოში სხვადასხვა ეროვნებებს შორისაც არ არსებობს. საქართველო ოდითგანვე იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო და ეს ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე. ქვეყანაში არ არსებობს საკითხი, რომლის მოწესრიგება არ შეიძლება მოლაპარაკებების გზით. დაპირისპირება ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია გადაწყდეს დადებითად, მხოლოდ და მხოლოდ ცივილური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების მეშვეობით. პარტიის წევრები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა მხარეთა შორის მოლაპარაკებებში კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს გამოყენებული ყველა საჭირო რესურსი“ – ნათქვამია პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტები“ თვლის, რომ ადამიანის უფლებები და მათი რელიგიური კუთვნილება სახელმწიფოსთვის უნდა იყოს უზენაესი პრინციპი და არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რაიმე ჩრდილი მიაყენოს ამ უდიდეს მონაპოვარს.
„სხვადასხვა აღმსარებლობის პატივისცემა, მოსახლეობის მშვიდობიანი და ტოლერანტული თანაცხოვრება დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. პარტია გმობს ყოველგვარ ძალადობას და გარდაუვალ პირობად მიაჩნია არსებული კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები