პაატა იმნაძე: ვისთვისაც კოვიდი სასიცოცხლო რისკის დაავადება არ არის, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი
„ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიღებული პროტოკოლის მიხედვით, პირველ ყოვლისა, ვაქცინას მედპერსონალს გაუკეთებენ, შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები, რისკ-ჯგუფები.
პაატა იმნაძის თქმით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მისცემს, ქვეყანა კი ლოგისტიკურად ნებისმიერი ვაქცინის მისაღებად მზად არის.
„რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.