“რუსეთის პასუხისმგებლობის ფასი იზრდება” – უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ყირიმთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთისთვის იურიდიული პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეში, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ კიევში გამართულ ბრიფინგზე.

“ეს უკრაინის გამარჯვებაა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთს იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისროს. და ყოველ მომდევნო ნაბიჯზე მისი პასუხისმგებლობის ფასი გაიზრდება”, – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი არა მარტო სტრასბურგის სასამართლოში, არამედ საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალსა და გაერო-ს სასამართლოში.

“ისინიც ნაბიჯ-ნაბიჯ დაამტკიცებენ იმ სიმართლეს, რაზეც უკრაინა 2014 წლიდან საუბრობს მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსული აგრესია და უარყოფენ იმ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი ავრცელებდა”,- განმარტა კულებამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს “უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც იზიარებს კიევის სარჩელს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყირიმის ტერიტორიაზე “ფაქტობრივ კონტროლს” 2014 წლის 27 თებერვლიდან ახორციელებდა, ანუ მის მიერ ნახევარკუნძულის ანექსირებამდე ადრე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები