ალეკო ელისაშვილი: მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი დროში გაიწელა, ამიტომ გადაწყვიტეს, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში გამართონ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამიტომ ჩვენმა პარტიამ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან, იმათთან, ვისაც აქვს გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში, თუ ჩაიშლება, ჩვენ მზად ვართ, ინდივიდუალურადაც და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად… უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად.

ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა და ასევე ძალიან კარგია იდეა იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებაზე“ ჯამურად მეტ ხმას თუ აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩვენების დანიშვნა, ამას მიენიჭოს პლებისციტის სტატუსი.

„თუ არც არავინ შემოვა და არავინ მოაწერს ხელს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებას, ჩვენ, „მოქალაქეები“ მზად ვართ, რომ ინდივიდუალურად ამას ხელი მოვაწეროთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები