საკრებულოს ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული აივნებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ღონისძიებაში საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე – მიხეილ ამაშუკელი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე – თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
როგორც მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მისი თქმით, წარმომადგენლობითი ორგანო სახელმწიფო დროშის აღნიშვნის დღეს ყოველწლიურად უერთდება.
,,საკრებულო სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნაში დღესაც ტრადიციულად მონაწილეობს. ჩვენი სახელმწიფო დროშა არის ისტორიის, კულტურისა და რელიგიის სიმბოლო. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, შეძლებისდაგვარად შეუერთდნენ ამ თარიღის მნიშვნელობას და აივნებიდან საქართველოს დროშა გადმოჰფინონ”, – განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ძლიერების სიმბოლოა.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა”, – ნათქვამია განცხადებაში.