საფრანგეთის პრემიერმინისტრი: საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს
“საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირსა და ნატო-სთან კავშირების გაძლიერებაში”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ჟან კასტექსი გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, სადაც მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
როგორც საფრანგეთის პრემიერმინისტრის მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ბატონო პრემიერმინისტრო, ვინაიდან ახლახან დაგამტკიცეს პრემიერმინისტრად, მოხარული ვარ, მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმ დროს, როდესაც თქვენი ქვეყანა ისევე, როგორც ჩვენი, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა, მსოფლიოში, სადაც ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და სადაც საერთაშორისო ურთიერთობები უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ასეთ ვითარებაში მოხარული ვარ, დაგიდასტუროთ, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და რომ მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირსა და ნატო-სთან კავშირების გაძლიერებაში, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 12 დეკემბრის კომუნიკეში საფრანგეთსა და გერმანიას შესაძლებლობა მიეცათ, აღენიშნათ ის მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი ქვეყნის მიერ დაწყებული ამბიციური რეფორმების გაგრძელებას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ, შეეხსენებინათ, თუ რა მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გამოვხატავთ ამ პოზიციას უკლებლივ ყველა ფორუმზე, სადაც კი ამ შეხსენებას მოვლენების მსვლელობაზე შეუძლია ზეგავლენა. ბოლოს, ვისურვებ, რომ 2021 წელს შევძლოთ გავმართოთ მეორე სხდომა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი სტრატეგიული დიალოგისა, რომელიც ჩვენ 2019 წლის 2 დეკემბერს გავხსენით პარიზში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრემიერ მინისტრო, ჩემი ღრმა პატივისცემა”, – აღნიშნულია საფრანგეთის პრემიერმინისტრის მისალოც წერილში.