„თუ მომკლავენ, ქვეყანა მაინც გადარჩება“ – დემეტრე თავდადებული

დემეტრე თავდადებულს იხსენებს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„სახარებაში წერია: „არ არის იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მოყვასისათვის თავის გაწირვა“, თუ ერთი მოყვასისათვის თავგანწირვა დიდი სათნოებაა, რამხელა მადლია მრავალთათვის თავის დადება“- ასე გაამხნევა მონღოლეთს მიმავალი საქართველოს მეფე დემეტრე კათალიკოსმა აბრაჰმა…. მეფე, რომელიც საკუთარი ნებით გოლგოთის გზას შეუდგა, მეფე, რომელსაც გარდაუვალი სიკვდილი ელოდა…
მიზეზი მონღოლთა ყაენის ახირება და ეჭვიანობა იყო. ქართველთა ხელმწიფე მონღოლთა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნოინთან ბუღასთან მეგობრობდა, უფრო მეტიც – ქალიშვილი რუსუდანი ნოინს მიათხოვა, თუმცა ბედისწერის ბორბალმა ბუღა გაწირა…
მასთან ერთად გაიწირა მთელი ოჯახი, სანათესაო, სამეგობრო, მათ შორის ქართველთა უდანაშაულო ხელმწიფეც. ნოინს ღალატში დასდეს ბრალი, ყაენმა ის ყოველგვარი განკითხვისა და სასამართლოს გარეშე მოაკვლევინა, მერე მის გარშემო მყოფებს დაერია, დაიწყო არნახული „მოსვრა ნოინთა“…
სისხლის სუნმა საქართველოს სამეფო კარამდეც მოაღწია, დემეტრე კარგად მიხვდა, რატომაც იბარებდნენ საყაენოში: „თუ წავალ ყაენთან, ვიცი, რომ მომკლავს… თუ მომკლავენ, ქვეყანა მაინც გადარჩება“- ბოლო სიტყვები, ბოლო თათბირზე… ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერ გადააფიქრებინეს, 30 წლის მეფე საკუთარი ნებით შეუდგა მოუსავლეთის გზას… სიკვდილამდე იყო ტანჯვა და გვემა…
დემეტრე არგნით, ანუ გრძელი საბჯენი ჯოხით სასტიკად სცემეს… მას შეწყალება არ უხვეწნია, მხოლოდ მცირე დრო ლოცვისთვის ითხოვა… მერე? მერე იყო სისხლის გამყინავი დუმილი… ბიბლიური მეფეების შთამოვალი მტკვრის პირას მიიყვანეს, დააჩოქეს და თავი მოჰკვეთეს…. სხეული იქვე დააგდეს, მცველები მიუჩინეს, რომ არავის წაეღო, დიდებულთაგან ვერავინ გაბედა ნეშტის გამოთხოვა…
მოგვიანებით მეფის მოძღვარმა გუშაგები მოისყიდა, დემეტრეს მოკვეთილი თავი და ნაწამები სხეული მოიპარა, საზიდარზე დაასვენა, ზემოდან თევზი დააყარა და ასე მალულად ჩამოასვენა საქართველოში… როგორი იყო ჩვენი ახალგაზრდა, ნაწამები მეფე?! „ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ, თუალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და შეწყობილ სამხედრო წესითა. სრული ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული“…
ნახატზე – „დემეტრე თავდადებული“. მხატვარი: გიორგი გეგეჭკორი“ – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები