ზაალ უდუმაშვილი: ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად
“ივანიშვილს სურს, ჰყავდეს მორჩილი ოპოზიცია, როგორც ჰყავს მორჩილი „ქართული ოცნება“. თავად განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს, რომ გადავიდეს ოპოზიციაში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს.
„ოპოზიცია არის საკმაოდ ძლიერი. ვერანაირი მესამე ძალა ვერ შეიქმნება ხელოვნურად, თუ ეს არ მოხდა ბუნებრივად. ჯერჯერობით, ოპოზიცია მწყობრად განაგრძობს ბრძოლას, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ დღეს მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც დიდი საშიშროება აქვს ამ ფორმით განაგრძოს მუშაობა. ივანიშვილს სურს, ჰყავდეს მორჩილი ოპოზიცია, როგორც ჰყავს მორჩილი „ქართული ოცნება“. თავად განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს, რომ გადავიდეს ოპოზიციაში. ამას კარგად გრძნობს, მას აქვს ეს ინსტიქტები განვითარებულ, რომ კარგად იგრძნოს მოახლოებული საფრთხე. ახლა ამას როგორი ლამაზი ფორმით მიაწოდებს საზოგადოებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იცის. ამას ემსახურება ის, რომ ცდილობს დისტანცირება მოახდინოს „ქართული ოცნებისგან“, რომ არ დაერქვას სახელი, დამარცხებული წავიდა. მე რასაც გუშინ ვუსმინე ეს ინტერვიუ მომართული იყო იმისკენ, რომ „ქართული ოცნება“ იყო ადრესატი და არა საზოგადოება. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ყველაზე მეტად ეშინია, ერთმანეთს არ დაერიონ და არ დაჭამონ ერთმანეთი, აქამდე თუ თავად არეგულირებდა კონფლიქტურ ვითარებებს, ახლა რეალური შანსი არსებობს დაიწყოს ბრძოლა გავლენებისთვის და ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება. არ ვიცი, რამდენად დისტანცირებული იქნება ამ პროცესებისგან, მაგრამ ფაქტი ერთია, თავად რღვევა გარდაუვალია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.