ღარიბაშვილი კეზერაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილის განცხადებით, დასკვნების გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როდესაც სასამართლო დავით კეზერაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 27 თებერვალს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს საფრანგეთის ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლა.
მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. გადაწყვეტილების თანახმად, დ. კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9-დან 21 საათამდე.
ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ – 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი.
საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და “ტელე იმედის” გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები