“ლელო”: პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა

„ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლიან პერიოდში ერთადერთ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება, ჩაითვალოს პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა.

“ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში წერილით მოვიდა და წერილით წავიდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის 8-წლიან პერიოდში ერთადერთ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მისი წასვლა პოლიტიკიდან.

ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა ქართველი ხალხისთვის მიცემული პრაქტიკულად ვერცერთი საკვანძო დაპირება; ქვეყანაში არ გაძლიერდა ეკონომიკა, ეტაპობრივად შემცირდა და საბოლოოდ პრაქტიკულად შეწყდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საქართველო ამოვარდა გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების კონტექსტიდან, კორუფციამ გამოფიტა ქვეყანა, ბიზნესი ვერ გათავისუფლდა კლანური გავლენებისაგან, არ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და ქართველი ხალხი დაადგა შეუქცევადი გაღატაკების გზას.

8 წლიანი მმართველობის პერიოდში, სამწუხაროდ, მოხდა სახელმწიფო ინსტიტუციების სრული დეგრადაცია და დამკვიდრდა არაფორმალური მმართველობის ჰეგემონია.

ჩვენ მივიღეთ ერთი ადამიანის სრულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუცია. მმართველი ძალის სრულ დაქვემდებარებაში გადავიდა მართლმსაჯულების სიტემა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი ძალა ამ ხნის განმავლობაში გამუდმებულ შეტევას ახორციელებდა და დისკრედიტაციას ახდენდა კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა, პოლიტიკური პარტიების და ბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქვეყანაში ისევ გაჩნდა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეები და გაჩნდნენ აშკარად პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები.

ამ პერიოდში ქვეყანამ ვერ შეძლო ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში მცირედი პროგრესის მიღწევაც კი და ქვეყნისათვის ამ უმწვავესი გამოწვევის საერთაშორისო განხილვის საგნად გადაქცევა.

საზოგადოდ საქართველომ დაკარგა საერთაშორისო პოლიტიკისათვის საინტერესო აქტორის როლი და სანდო პარტნიორის იმიჯი.

საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, როგორც ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი მრავალპარტიული კოალიციის ლიდერი, რომელმაც შემდგომში ჩამოიშორა ყველა პოლიტიკური პარტნიორი და ქვეყანა აქცია ორპარტიული დაპირისპირების პოლიგონად, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებით და ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტით.

ბიძინა ივანიშვილმა წინა ორ ვადაშიც ბევრჯერ სცადა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და დღეს 8–წლიანი მმართველობის თავზე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გვიტოვებს ჩამოშლილ ინსტიტუციებსა და მრავალმხრივ კრიზისში ჩაძირულ გაღატაკებულ ქვეყანას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა, ქართველმა ხალხმა სამართლიანი არჩევნების შედეგად უნდა აირჩიოს ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს ივანიშვილის მმართველობის შედეგად დაგროვილ გამოწვევებს და ქვეყანას გამოიყვანს შექმნილი ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები