ფრიდონ ინჯია: პარლამენტში იმუშავებს ორი პარტია, „ქართული ოცნება“ და „ევროპელი სოციალისტები“, ცალსახად ორი პარტიაა და ის არ არის ერთპარტიული
პარლამენტში იმუშავებს ორი პარტია, „ოცნება“ და „ევროპელი სოციალისტები“, ცალსახად ორი პარტიაა და ის არ არის ერთპარტიული, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარტიის სადამფუძნებლო ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნათლადაა ჩამოყალიბებული ჩვენი მიზნები და ამოცანები – ეს არის ქვეყნის მთლიანობის აღდგენაზე ყველა ზომების მიღება; ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ ქვეყნის მთლიანობა აღდგეს; უმნიშვნელოვანესია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აღდგეს. ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც აქცევს ჩვენს ქვეყანას. ხალხი გარბის, ახალგაზრდობა მიდის, რადგან არ არის სამუშაო ადგილები, სამუშაო პირობები. მთელი მოსახლეობა მოდის ცენტრში, ქალაქში, თბილისი გახდა თავკომბალა. მთავრობამ, ხელისუფლებამ, პარლამენტმა თავისი კანონებით ისეთი პირობები უნდა შექმნან, რომ სოფლები ავაღორძინოთ. საქართველოს მოსახლეობამ თავის თავს უნდა მოუაროს, უნდა შეძლოს იმ დოვლათის შექმნა, რომელიც საკმარისი იქნება და შეიძლება, კიდევაც გაიყიდოს საზღვარგარეთ. აი, ამისთვის უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონები, დიფერენცირებული კანონები ქალაქსა და სოფელს შორის, რომელიც ამის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების” სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.