ირმა ინაშვილი: მინდა, „ქართული ოცნება” დავარწმუნო, რომ რამდენიმე დეპუტატის პარლამენტში შესვლით პოლიტიკური რეალობა არ იცვლება და ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული
“მინდა, „ქართული ოცნება” დავარწმუნო იმაში, რომ რამდენიმე დეპუტატის პარლამენტში შესვლით ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა არ იცვლება და ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ფრიდონ ინჯიას გარდა, „პატრიოტთა ალიანსის” წევრები არ ყოფილან.
„ჩვენი პარტიის წევრები არ შესულან პარლამენტში. მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ბიზნესმენები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შევლენ პარლამენტში, არ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები. პარტიის წევრი იყო მხოლოდ ფრიდონ ინჯია, რომელმაც დაწერა განცხადება, დატოვა პარტიაში, ჩვენ ზუსტად ეგ შეთანხმება გვქონდა, რომ თუ ბატონი ფრიდონი გადაწყვეტს, შევიდეს პარლამენტში, მაშინ მას მოუწევდა პარტიის დატოვება იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ არ შევა გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში. ბატონ ფრიდონთან კომუნიკაცია პირადად მე არ მქონია, კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენი პარტიის აღმასრულებელ მდივანს გოჩა თევდორაძეს, მაგრამ ბატონ ფრიდონს არ უსაუბრია გოჩა თევდორაძესთან ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.
ჩვენი პარტია მონაწილეობდა ყველა რაუნდში მოლაპარაკებების და, ცხადია, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მეხუთე რაუნდში. მე ვისურვებდი, რომ შედგეს შეთანხმება არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ დაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები. ხელისუფლებებს საერთოდ ახასიათებთ ხოლმე სიხისტე, ზოგიერთ ხელისუფლებას ახასიათებს სიჯიუტე, ზოგიერთს – უგუნურობა და ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, მინდა, „ქართული ოცნება” დავარწმუნო იმაში, რომ რამდენიმე დეპუტატის პარლამენტში შესვლით ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა არ იცვლება და ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული”, – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, ავთანდილ ენუქიძემ, გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვეს და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთნენ.