საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რევაზ სტურუა გარდაიცვალა
კომპანია „საქნახშირი” ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სამთო საქმის აღიარებული მკვლევარი, თვალსაჩინო მეცნიერი, პროფესორი, რევაზ სტურუა.
რევაზ სტურუა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო სამუშაოების დაცვის საბჭოს თავმჯდომარე და სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი იყო. წლების განმავლობაში იყო სტუ-ს პირველი პრორექტორი, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრის გამგე, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტი და ინჟინერთა არაერთი თაობის აღმზრდელი.
„გახლდათ შესანიშნავი პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი. ბატონი რეზო არის 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, მათ შორის 4 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიისა და 16 გამოგონების ავტორი. რეზო სტურუა დიდი დანაკლისია როგორც სამთო სფეროსთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის სამწუხაროდ, რევაზ სტურუას გარდაცვალების მიზეზი Covid-19 გახდა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.