საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა აუდიტი დაასრულა და ყველა ძირითადი პარამეტრები ხელთ აქვთ.
როგორც ნარმანიამ ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდაზე საუბრისას აღნიშნა, კომისია ხვალ იმსჯელებს და ობიექტურ, დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
“სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა დაასრულა აუდიტი, ყველა ძირითადი პარამეტრი ხელთ გვაქვს. აღნიშნულ საკითხზე კომისია ხვალ, სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ის პარამეტრები, რაც დამტკიცდება, იქნება ორიენტირებული ხარისხიანი და უსაფრთხო ენერგიის მიწოდებაზე. ჩვენ კომპანიებთან გვაქვს მუდმივად დავა. კომპანიების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტის გათვალისწინება, თუმცა, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ფორმულები, დაანგარიშების კონკრეტული წესები და, აქედან გამომდინარე, ვიღებთ იმ ობიექტურ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება ენერგო-პრო ჯორჯიამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. უკვე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია”.