წალენჯიხის სოფელ ფახულანთან საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან 26-27 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე, მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.
“საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.