ირაკლი კოვზანაძე: მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, გვექნება სერიოზული განხილვა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის სერიოზული განხილვა გაიმართება.
კოვზანაძის თქმით, არსებობს გარკვეული გამოწვევები, ვინაიდან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია, რაც ბიუჯეტზეც აისახება.
„განხილვის თემა იყო 2021 წლის ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, რომ რეალურად, ახალი ბიუჯეტი შემოიტანა მთავრობამ. პრინციპული ხასიათის ცვლილებები არის. შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები, დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ეს პირველად არის, აქედან გამომდინარე გვექნება სერიოზული განხილვა. ვაპირებთ, რომ კომიტეტში განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი, სახელწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ეს ბიუჯეტზეც აისახება, მაგრამ ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, არსებული ციფრები რაც არის 18,4 მილიარდი ლარი, 2,5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს იხარჯებოდა. გამოწვევები არის ეკონომიკაში,რადგან ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში. მესამე კვარტალია, რაც საქართველო რეცესშია და ბუნებრივია, ეს ბიუჯეტის პროექტიც არსებულ რეალობას ასახავს. ამ მსჯელობის დროს დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები ასიგნებების გაზრდასთან დაკავშირებით, გარკვეული მოთხოვნები არის, მაგრამ როგორც გითხარით, ციფრები არის კრიტიკული. საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს, დეფიციტი არის მაღალი 7,6%, რაც მაწუხებს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრები არის ისეთი, რომელიც ახლაც და მომავალშიც შემცირებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაპირება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, სოციალური პაკეტები ჩვენი თანამემამულეების, ბიზნესის მიმართ დახმარებები, ამ პროექტში არის ჩადებული“,- განაცხადა კოვზანაძემ.