„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქვეყნის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
„2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის. პანდემიის მიუხედავად, საზეიმოდ გაიხსნა ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ პროექტისთვის მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს”,- აღნიშნა მინისტრმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. აღნიშნული აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისთვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მეცნიერები არიან. მინისტრის თქმით, ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება დასავლური სტანდარტებით. იგი პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში IBA მიმდინარეობს. ეს პროექტიც ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. ულტრათანამედროვე მეთოდი – პროტონული თერაპია – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, სადაც ხდება სიმსივნით დაზიანებული უჯრედების მკურნალობის პროცესი. იგი იძლევა შესაძლებლობას, ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი. მეორე ციკლოტრონი სამეცნიერო-კვლევით პროცესს მოხმარდება. მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ერთად ქუთაისში აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.