საქართველოს საგარეო სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს საგარეო სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ და იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმაზ ირინე ქურდაძემ მოაწერეს ხელი.

საგარეო უწყების ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცებასა და ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფაში.

,,ხელშეკრულება ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინსტიტუტს შორის თანამშრომლობას საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების, სემინარებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას და ამ მიზნით ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გამოყენებას.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მაგისტრანტებისთვის პრაქტიკებისა და სტაჟირების პროგრამის შემუშავებას ისევე, როგორც ინსტიტუტის აკადემიური წრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გზით საჯარო ლექციების და სემინარების ჩატარებას საერთაშორისო სამართლის აქტუალურ თემებზე და სამინისტროსთვის, აქტუალობიდან გამომდინარე, შესაბამისი საექსპერტო ხასიათის დოკუმენტების შემუშავებას.

საქართველოს საგარეო სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გაფორმებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ირინე ქურდაძე და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები”, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები