საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ” პარლამენტის რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ” პარლამენტის რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი კომიტეტის სრული ჩართულობით მომზადდა და მის შემუშავებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, განსაკუთრებით კი – საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისივე ინფორმაციით, რეზოლუციის მსგავსი შინაარსის პროექტები პარლამენტმა წინა მოწვევების დროსაც მიიღო, რომლითაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები იქნა განსაზღვრული.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე, ქვეყნის ინტეგრაციაზე ნატო-სა და ევროკავშირში, ასევე, საქართველოს თანამშრომლობაზე სტრატეგიულ პარტნიორებთან და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებებზე.

რეზოლუციაში ასევე საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, დიასპორებთან ურთიერთობებსა და ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რაც ქვეყანას საგარეო კუთხით აქვს.

სხდომაზე კომიტეტის წევრებმა რეზოლუციის პროექტი მუხლობრივად განიხილეს და შინაარსობრივი და ტექნიკური ცვლილებები განახორციელეს. კომიტეტის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს რეზოლუციის მიღების აუცილებლობა და მის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„ეს იქნება სერიოზული გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტი სრულად პასუხობს სამთავრობო პროგრამის იმ მიმართულებებს, რომელსაც პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ნდობა გამოუცხადა”, – განაცხადა კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ.

კომიტეტის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, რეზოლუციაში განსაზღვრულია ოთხი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მთავრობა და პარლამენტი ერთობლივად იმუშავებს.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ” პარლამენტის რეზოლუციის პროექტს რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები